QETO PATARKALISHVILI

QETO PATARKALISHVILI

Attended: Paris International Model Of United Nations 2018

Location: Paris, France

School: Caucasus university

Impressions:
ჩემთვის მომავლის ლიდერებთან ერთად მიღებული საერთაშორისო გამოცდილება, ყველა სხვა მსგავსი გამოცდილებისგან გამოირჩევა გასაკუთრებული ასპექტებით. პარიზის გაეროს მოდელირებაზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება პირადად ჩემზე იმ ფაქტმა მოახდინა, რომ გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელი გავხდი. უფრო მეტიც, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის როლი მერგო, რაც იმას ნიშნავს, რომ უშუალოდ მევალებოდა ბიუჯეტის დამტკიცება, რეზოლუციაში შესატანი სხვადასხვა საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თავიდან ცოტა არ იყოს ვინერვიულე, მაგრამ საბოლოოდ თავი ყველაფერს კარგად გავართვი. სულ მალე დავრწმუნდი, რომ მორგებულმა როლმა ეფექტურად დახვეწა და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა ჩემი ლიდერული უნარ-ჩვევები.

განსაკუთრებით გმოვყოფდი რამდენიმე თვისებას, რომელთა გამომჟღავნება ახლებური ენერგიით მოვახერხე: გადაწყვეტილების მიღების პროცესის ჯანსაღად წარმართვა – უშუალოდ ვიგრძენი, რამდენად არახელსაყრელია ერთპიროვნული მიდგომა. დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია, გაითვალისწინო ჯგუფის ყველა წევრის აზრი. ამასთანავე, შემიძლია ვთქვა, რომ უფრო შორსმჭვრეტელიც გავხდი – შეგეძლოს, სწორად გათვალო, რა მოჰყვება შენს ნაბიჯებს – ეს ლიდერისთვის ძალიან საჭირო უპირატესობაა. და ალბათ ყველაზე აუცილებელი რამ – ანალიტიკური აზროვნება, მოვლენების სიღრმისეულად, სხვადახვა ჭრილში გაანალიზების უნარი.

ამასთანავე, შთაბეჭდილებებზე საუბრისას არ შემიძლია, არ აღვნიშნო, უშუალოდ PIMUN2018-ის მაღალორგანიზებულობა. პროექტის მომზადების ასეთმა დონემ თავიდან ცოტა შემაშინა კიდეც. მეგონა, გამიჭირდებოდა, ავყოლოდი ამ სტანდარტებს. თუმცა გარემო იმდენად ინდივიდზე ორიენტირებული იყო, რომ მალევე გადავლახე ეს მღელვარება. მივხვდი, რომ უფრო გახსნილი უნდა ვყოფილიყავი და მაქსიმალურად მეცადა საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნება.

ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როცა მოულოდნელად და სრულიად მოუმზადებლად ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლა მომიწია. მთელი შინაგანი ძალების მობილიზება დამჭირდა, რომ სათქმელი ასე ფართო აუდიტორიისთვის ეფექტურად გადამეცა. ეს იყო ჩემი პირველი შოკიც და წარმატებაც.

ძალიან მიხარია, რომ ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად ხელშემწყობი აღმოჩნდა ჩემი პროფესიული ზრდისთვის: პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი სამსახურის ფარგლებში ისევ მომიხდა საკმაოდ დიდი პუბლიკის წინაშე წარდგომა. ერთი კორპორაციისთვის პრეზენტაცია მარტოს უნდა ჩამეტარებინა. სანამ საქმეს შევუდგებოდი, ვიგრძენი, რომ ყველანაირი ნერვიულობა მყისიერად გაქრა, როცა გავიხსენე, უკვე როგორი მრავალფეროვანი საზოგადოების წინაშე მქონდა ამ დავალებისთვის თავი გართმეული, თანაც პარიზში! როცა რაღაც უკვე გამოვლილი გაქვს, მერე ყველაფერი ადვილად გამოდის. აი ეს თვითრწმენა ყველაზე დასაფასებელი რამაა, რაც ამ პროექტში შევიძინე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ კიდევ უფრო დაიხვეწა ჩემი საუბარი ინგლისურ ენაზე, რაც დამატებით თავდაჯერებულობას მმატებს.

გარდა ამისა, გავიცანი უამრავი ახალგაზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, კონტაქტები კი თანამედროვეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

მომავალ დელეგატებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად მოინდომონ და კარგად მომზადებულები გაემგზავრონ პროექტზე. საჭიროა თავიდან ბოლომდე, სრულფასოვნად შეისწავლონ მოცემული მასალები, რადგან ადგილზე იმდენი თავბრუდამხვევი შთაბეჭდილება გხვდება, ძალიან ადვილად შეიძლება დაიბნე. ასევე ყველა ახალგაზრდას ვურჩევდი, ყოველთვის, როცა საშუალება გექნებათ, მიიღეთ მსგავს პროექტებში მონაწილეობა, იმიტომ, რომ საერთაშორისო ასპარეზი, რომელიც ასე ფართოდ იშლება ჩვენ წინ, წარმატების საუკეთესო საწინდარია.