NINI GABISONIA

NINI GABISONIA

Attended: Paris International Model Of United Nations 2018

Location: Paris, France

School: Caucasus University

Impressions:
ძალიან მიყვარს გამოწვევები! პატარაობიდანვე ვცდილობ, ჩავერთო კლასგარეშე აქტვობებში, არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა მოხალისედ. მომწონს, როცა საკუთარი წვლილი შემაქვს ამა თუ იმ საქმის განხორციელებაში. ეს ყველაფერი ამაღლებს ჩემს განათლებას, სულ უფრო ზრდის ჩემს ცნობიერებას და რაც მთავარია – აფართოებს ჩემს სოციალურ წრეს. დიახ, მუდმივად ახალი მეგობრების შეძენის პროცესში ვარ!

მომალის ლიდერების პარიზის პროექტშიც სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე ჩართვა. მოლოდინები დიდი იყო, რადგან ვიცოდი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ თანატოლებთან მომიწევდა შეხვედრა. საინტერესო ის იყო, რომ ეს პროექტი ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა.

მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ და ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, ყველაფრის შიდა სამზარეულო მაინტერესებს.
პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს პროექტი უამრავ ახალ კარს ხსნიდა ჩემ წინაშე და ძალიან ბევრი საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხის შესახებ შემეძლო მიმეღო ამომწურავი, კომპეტენტური ინფორმაცია.

მიხარია, რომ ამდენი ნიჭიერი, ძალიან ჭკვიანი და წარმატებული ახალგაზრდის წინაშე საშუალება მომეცა, გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობები. ამასთანავე, მათი მომზადების განსაკუთრებული დონე ჩემთვის დიდ მოტივაციად იქცა.
შემიძლია ვთქვა, რომ პარიზის გაეროს მოდელირებამ უფრო უკეთესი ორგანიზებულობა, დამოუკიდებლობის მკაფიო გრძნობა და განსაკუთრებული თავდაჯერებულობა შემმატა.

როცა უცხო ქვეყანაში დღის განრიგის დაგეგმვასა და დასახული ამოცანების შესრულებაზე უშუალოდ ხარ პასუხისმგებელი, შენი ძალები მაქსიმალურად ეფექტურ მუშაობაზე კონცენტრირდება და ძალიან მალე აღწევ მნიშვნელოვან შედეგს.

მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტში ჩემთვის პროფესიული თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო დებატები აღმოჩნდა. მე წარმოვადგენდი კონკრეტულ ქვეყანას, გამაჩნდა მკაფიო პოზიცია და ვალდებული ვიყავი დამეცვა ჩემი სუბიექტური აზრი, ესე იგი, ამ მხრივ, მომიწია ჟურნალისტისგან სრულიად განსხვავებულ ამპლუაში ვყოფილიყავი. ფაქტობრივად, მოვირგე ჩემი რესპოდენტების როლი. ეს კი ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, რადგან საშუალებას გაძლევს, დაინახო დისკუსიის ორი მხარე, უფრო ღრმად გაანალიზო მოვლენები და ისწავლო პოზიციების პროფესიონალური, ობიექტური შეფასება.

მომავალ დელეგატებს, ვურჩევ, რომ მაქსიმალურად კარგად მოემზადონ გაეროს მოდელირებისთვის, რადგან ისინი შეხვდებიან საოცარი გამოცდილების მქონე, ინგლისურად არაჩვეულებრივად მოსაუბრე თანატოლებს. ხოლო იმისათვის, რომ საკუთარი აზრი შთამბეჭდავად წარმოადგინო მსოფლიო არენაზე და შეძლო პოზიციების ეფექტურად დაცვა, საკითხების ღრმად შესწავლაა აუცილებელი.

დაბოლოს, მთავარია, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია!