TAKO PHERADZE

TAKO PHERADZE

Attended: Paris International Model Of United Nations 2018

Location: Paris, France

School: Ilia state university

Impressions:
პარიზი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ასეთი მნიშვნელოვანი მისიით მომიწევდა მისი მონახულება.
მაისში გამართული პარიზის გაეროს მოდელირება ჩემი პირველი საერთაშორისო კონფერენცია იყო. პირველ რიგში, რამაც თავიდანვე განსაკუთრებული მუხტით ამავსო, იყო ის, რომ დავინახე ჩემ წინ არსებული უამრავი ახალი შესაძლებლობა. თავიდან ცოტა არ იყოს, ვღელავდი. აღმაფრთოვანა იქ მყოფი მონაწილეების გამოცდილებამ და პროფესიონალურმა მიდგომამ. ჩემგან განსხვავებით, ეს პროექტი მათთვის პირველი არ იყო და უკვე მნიშვნელოვანი ცოდნა ჰქონდათ დაგროვებული. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგატებთან ერთად 3 დღის განმავლობაში რეზოლუციაზე მუშაობა, დებატებში მონაწილეობა, სისტემატიური მსჯელობა დამეხმარა უკეთ გამეცნო საკუთარი თავი, გამეანალიზებინა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები.

მე სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობ და საკითხი, რომლის გადასაჭრელადაც უნდა მიგვეღო რეზოლუცია, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა – ის ეხებოდა კონფლიქტის ზონების განაღმვის ოპერაციებსა და ამ ზონებში საჰაერო ვიდეოკამერების – დრონების გამოყენების რეგულაციას. მნიშვნელოვანია, რომ დრონების საკითხი აქამდე არ იყო გათალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებებში, ამდენად – ორმაგად დამაინტერესა ამ რეზოლუციაზე მუშაობამ.

გარდა ამისა, აქამდე არ მქონია უცხოელ სტუდენტებთან პირდაპირ კომუნიკაცია – ამ პროექტმა კი საშუალება მომცა დამემყარებინა მასშტაბური კონტაქტები, გამეფართოვებინა სოციალური წრე და შემეძინა ახალი მეგობრები. ეს გარემოება კი იმ ადამიანისთვის, ვისაც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს, ძალიან ხელსაყრელია, რადგან ამ დროს უშუალოდ ეცნობი ადგილზე არსებულ სიტუაციას, იზიარებ სხვადასხვა უცხოელის გამოცდილებას, რაც არჩევნის გაკეთებაში ძალიან გეხმარება.

მინდა ისიც ვთქვა, რომ პროექტის შედეგად ვგრძნობ, რომ გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მონდომება და შრომა წარმატების მთავარი საფუძველია და ყველანაირი დაბრკოლების გადალახვაა შესაძლებელი.

ძალიან მიხარია, რომ საქართველოს დელეგაციის ყველა წარმომადგენელს ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროექტით დაწყებულ მეგობრობას და დღემდე ძალიან კარგ დროს ვატარებთ ერთად.

მომავალ დელეგატებს ვურჩევდი მაქსიმალურად მოემზადონ, დეტალურად შეისწავლონ მოცემული თემები. იმისათვის, რომ მყარად დაიცვან საკუთარი ინტერესები, დამაჯერებლად წარდგნენ საერთაშორისო ასპარეზზე, საჭიროა ღრმად იცნობდნენ არჩეულ საკითხს. იყავით გახსნილები და ნუ შეგეშინდებათ, იცოდეთ, რომ თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით! მთავარია მოიპოვოთ შინაგანი რწმენა და გახდეთ ოდნავ უფრო თავდაჯერებული!